პოეზია ენაზე

¯პოეზია ენაზე¯ 



,, ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვნო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხანსაჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის
იბერის ენავ,
ენავ თამარის
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან…"


                     ¯  ¯  ¯
,,ჩვენი ქართული-სიტყვა ქართული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა
ჩვენი ქართული-რუსთველის ენა
ილიას ენა,აკაკის ენა,

ხან ყვავილების ნელი შრიალი
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა
სიტყვა ფრთიანი,ნაპერწკლლიანი,
ბარაქიანი,ქართული ენა.

გულუხვი,როგორც რთველში ვენახი,
საამო,როგორც შრიალი ხეთა...
ჩვენ ხომ მას დედა ენას ვეძხით
გვიყვარდეს,როგორც მშობელი დედა."

      ¯  ¯  ¯

,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან...
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!"

      ¯  ¯  ¯

,, დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
დედაენა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას, დედასავით
მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
ასე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედაენამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მოუარე,
ისე ვერ იქართველებ.
დედაენა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო"




No comments:

Post a Comment